ARCHIVE

POPULAR

ეროვნული ბანკის უმთავრესი მიზანია...

 

ზოგიერთები ტყუილად ესხმით თავს ეროვნულ ბანკს, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ფინანსურ მენეჯერს დააბრალო, რატომ გვაქვს წამგებიანი წარმოებაო. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში რატომღაც ლამაზ ტყუილს უპირატესობას ვანიჭებთ, ვიდრე ობიექტურ ჭეშმარიტებას, რაც თავის მხრივ ახალისებს არა სამყაროს გააზრებულად აღქმის უნარს, არამედ ახალისებს ტრაფარეტულ აზროვნებას.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციებში ვკითხულობთ: " 1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა."


ჩემი აზრით, უფრო მართებული იქნებოდა შემდეგი განმარტება: "ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა."


რისი თქმის საშუალებასაც გვაძლევს ეროვნული ბანკის საიტზევე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ "სამომხმარებლო ფასების ინდექსი":

2010 წელთან შედარებით ფასები ლარში საშუალოდ გაზრდილია 50.5 %-ით ანუ 2010 წელს რასაც 100 ლარით ყიდულობდით, 2021 წელს ყველაფერ იგივეს საყიდლად 150,5 ლარი გჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასები ლარში ამ 11 წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით 3.8%-ით იზრდებოდა.

ასევე ჩემს გამოთქმულ აზრს ამყარებს ისიც, რომ თვითონ ამ ინსტიტუტს აქვს გაცხადებული: საქმეებს ისე წარვმართავთ, რომ ფასები წლიურად 3%-ით გაიზრდებაო (სამწუხაროდ, რთულია ამ ამოცანის შესრულებაც კი და 2019 წლის იანვრიდან ფაქტიური საშუალო წლიური ინფლაცია 5%-ია).

თარგეთირებული წლიური 3% ინფლაცია ნიშნავს, რომ თუ ეროვნული ბანკი დასახულ ინფლაციას უზრუნველყოფს, ფასები გარანტირებულად გაიზრდება:

5 წელიწადში - 15.93%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 5 წელიწადში იგივეს საყიდლად 115,93 ლარი დაგჭირდებათ;

10 წელიწადში - 34.39%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 10 წელიწადში იგივეს საყიდლად 134,39 ლარი დაგჭირდებათ;

15 წელიწადში - 55.80%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 15 წელიწადში იგივეს საყიდლად 155.80 ლარი დაგჭირდებათ;

20 წელიწადში - 80.61%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 20 წელიწადში იგივეს საყიდლად 180,61 ლარი დაგჭირდებათ;

25 წელიწადში - 109.38%-ით ანუ იმას რასაც 100 ლარით დღეს ყიდულობთ 25 წელიწადში იგივეს საყიდლად 209,38 ლარი დაგჭირდებათ...

ინფლაცია და ფასების ზრდა ეს ხომ ობიექტურად არის ერთი მედლის ორი მხარე და ინფლაციას ვაპროტესტებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შემოსავლები არ იზრდება ან უმნიშვნელოდ გაზრდილია და თვალნათლად ჩანს ინფლაციის ნეგატიური ეფექტი გამოხატული გაზრდილ ფასებში. ხოლო როცა ჩვენი შემოსავლები უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე ინფლაციის გამო ფასები, მაშინ ინფლაცია არავის ახსენდება (!!!). ნუთუ არავის გაგჩენიათ კითხვა მაინც, თუ რა საჭიროა ინფლაცია? მის გარეშე ვერ ვიცხოვრებთ? როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ინფლაცია არ არსებობდეს?..

თემას რომ დავუბრუნდეთ, ინფლაცია და შესაბამისად ფასების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალია ყველა ფინანსურ სისტემაში, რომელშიც ცენტრალური ბანკია და ამ ბანკს აქვს ფულის "შექმნის" ექსკლუზიური უფლება. ძვირფასო ეროვნულო ბანკო, დავწეროთ როგორც არის: "ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა ლარის ფულადი მასის სტაბილური ზრდის სახით." ეს იქნება სამართლიანი პოსტულატი და ლარის კურსის სტაბილიზაციას ვეღარავინ მოგთხოვთ.

სამწუხაროდ, ძვირფასო მკითხველო, ფასები გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველთვის გაიზრდება, ხოლო კარგ ეკონომიკურ ზრდას კი მთავრობები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ. ... და დღეს სწორედ ამის მომსწრენი ვართ, ეკონომიკა შემცირდა, ხოლო ლარის ფულადი მასა ჭარბია ამ ზომის ეკონომიკისთვის და ეს განაპირობებს იმას რომ ფასები ჩვენს თვალწინ იზრდება (სინამდვილეში ეს ფასების ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებითაა გამოწვეული). ცენტრალური ბანკების ძირითადი ფუნქცია დე-ფაქტო გამომდინარეობს ფულადი მასის სტაბილურ ზრდაში (იმ გათვლით, რომ ეკონომიკა გაიზრდება), რასაც თარგეთირებულ ინფლაციას ეძახიან...

მოკლედ, იყავით ჯანმრთელები, იზრუნეთ თქვენი შემოსავლების ზრდაზე და იყავით თქვენი ცხოვრების განმკარგავები (ეს, ისე... სადღეგრძელოების მოყვარულთათვის)!

დროდადრო ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! - © უცნობი გადასახადის გადამხდელი, 30 აპრილი, 2021 წ.

PS. მაგალითისთვის, გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკი (Bank of England) პირდაპირ წერს საკუთარ საიტზე, რომ "ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ გვქონდეს ინფლაცია (ფასების ზრდა) დაბალი და სტაბილური" (We are responsible for keeping inflation (price rises) low and stable). იქვე საიტზე აქვთ ინფლაციის განმარტებაც და მაგალითიც. ეს პასუხისმგებლიანი მიდგომაა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავალდებულებს Bank of England-ს, რომ ინფლაცია ქონდეს არაუმეტეს 2%-ისა. გამოდის, რომ თუ, პირობითად, გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს Bank of England-ისგან იმხელა ოდენობის სესხს (ფულის შექმნას), რომელიც Bank of England-ის შეფასებებით საფრთხეს შეუქმნის მიზნობრივი ინფლაციის პროცენტულ ნიშნულს (2%), უკანასკნელს არ შეექმნება დისკომფორტი, რომ უარით გაისტუმროს ფინანსთა სამინისტრო ან არ დაუკორექტიროს სესხის ოდენობა და ა.შ. 

No comments

Post a Comment